სასურსათო უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები და გამოწვევები
საქართველომ უკანასკნელ წლებში, პანდემიის და რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომის პირობებში სრული სიმძაფრით შეიგრძნო სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები,
რაც პირველ რიგში აისახა მიწოდების ჯაჭვების მორღვევა-გაძვირებით, სურსათზე ფასების არნახული ზრდით და სანქცია-შეზღუდვების დაწესების ეკონომიკურ-ლოჯისტიკური ნეგატიური ფაქტორით.
ამ მოცემულობაში ჩვენმა ქვეყანამ ტრადიციულად აირჩია მმართველობით-ადმინისტრაციულ მოქმედებებში პასიური აქტორის როლი და მდგომარეობის დაბალანსება საბაზრო ეკონომიკის მთავარ
პრინციპებს - ,,მოთხოვნა მიწოდებას’’ მიანდო, რაც ვფიქრობ შეცდომაა და საჭიროებს მოქმედება-მიდგომების სასწრაფო წესით შეცვლას-ტრანსფორმაციას. ეს მოსაზრება მათივე
გადაწყვეტილებით დასტურდება, როდესაც შეიზღუდა ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტი, თუმცა ჯერაც ვერ იქნა ქმედითი ზომები მიღებული ხორბლის
გადამამუშავებელი მრეწველობის გადასარჩენად, რაც სასურსათო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.
ჩვენი მიზანი დღეს უნდა იყოს არსებული გამოწვევების სიღრმისეული გააზრება, შექმნილი მდგომარეობის შეფასება და პერსპექტიულ-სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელშიც
გაწერილი იქნება მთავრობის აქტიური, თამამი და მიზანმიმართული საქმიანობა. არასაკმარისია მხოლოდ გაუთავებელი საუბარი ამ მნიშვნელოვან საკითხზე და მრავალგზის
გაჟღრებულ-გადამღერებული ინფორმაცია სასურსათო უსაფრთხოების ოთხ მთავარ მდგენელზე:
1. მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის სურსათით;
2. მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი სურსათით
3. მოსახლეობის უზრუნველყოფა უვნებელი სურსათით
4. მოსახლეობის უზრუნველყოფა სრულფასოვანი, ბალანსირებული სურსათით
თუ ჩვენ სათითაოდ განვიხილავთ და ჩაუღრმავდებით ამ მიმართულებებს მარტივად დავასკვნით, რომ სასურსათო უსაფრთოების თვალსაზრისით ქვეყანაში არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა,
რაც პირველ რიგში სტატისტიკურ მონაცემებში აისახება თვითუზრუნველყოფის დაბალი პროცენტით, მოსახლეობის შემოსავლებიდან გამომდინარე ძალიან მაღალი ფასებით, გაუმართავი და ნაკლებად
კონტროლს დაქვემდებარებული უვნებლობის სისტემით, ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილის ხელმიუწვდომლობით სრულფასოვან, დაბალანსებულ საკვებზე
ვფიქრობ დროულია განვიხილოთ და გავიაზროთ ისტორიულ-ევოლუციური გზა მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების თემის განვითარების კუთხით, რაც მონიტორინგის და ანალიზი-შეფასების თვალსაზრისით
დამატებით მოტივატორად შეიძლება განვიხილოთ. მეცნიერული აზრი და სპეციალისტთა შეხედულებები ძირითადად გამოყოფენ განვითარების განვლილ ოთხ ძირითად ეტაპს:
1. პირველ საწყის პოზიციად ყალიბდება ,,ავტარქიულ-თვითმმართველობითი’’ რეჟიმი, სადაც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა დაცვის მექანიზმი, რომელიც ეფუძნებოდა კონკრეტულ ლოკაციებში საკუთარ სამეურნეო შესაძლებლობებს და წარმოადგენდა ჩაკეტილ დამოუკიდებელ სისტემას
2. მეორე მოდელად ჩამოყალიბდა მიდგომა, რომელიც ცნობილია როგორც ,,იმპერიულ-კოლონიური’’, რომელიც დაფუძნებული იყო კოლონიური ძარცვის პრინციპებზე და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის ქმნიდა საუკეთესო პირობებს ჰქონოდათ თვითუზრუნველყოფა იაფი იმპორტირებული სურსათის სახით;
3. მესამე ეტაპად განიხილება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდომი პერიოდი, როდესაც მოხდა დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური გადანაწილება-ტრანსფორმაცია. შეიქმნა უკეთესი შესაძლებლობები ვაჭრობის და ლოჯისტიკის სფეროში, სამართლებრივად მოწესრიგდა მრავალი საკითხი ქვეყნებს შორის,
განვითარდა ტექნოლოგიები, შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიო დაემორჩილა გარკვეულ თამაშის წესებს, რამაც მოიტანა მეტი დაცულობა და სიმარტივე ურთიერთობებში. ამ კომპლექსურ-მულტისექტორული გარდაქმნების შესაბამისად მესამე ეტაპმა სამართლიანად მიიღო ,,დინამიურ-პროგრესული’’ განვითარების დასახელება, რომელიც მე-20 საუკუნის სავიზიტო ბარათი გახდა
4. ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე დომინანტი პროცესში ხდება ,,ინოვაციური მოდელი’’, რაც ითვალისწინებს ე.წ. ,,ცოდნის ეკონომიკის’’ პრიორიტეტულობას და დაფუძნებულია აგრარული სფეროს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე. თუმცა უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ მსოფლიომ გარკვეულწილად გადააფასა საკვებით უზრუნველყოფის მსოფლიო პოლიტიკურ-ნუტრიციული მიდგომები და ცალსახად გამოვიდა ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შექმნის მხარდასაჭერად და ცივილიზებული მსოფლიო ამ გზით ვითარდება.
ამ რაკურსით პრობლემის ჩვენება ემსახურება მხოლოდ ერთ საკითხს, სწორად ფორმულირდეს კითხვა - ელოდება თუ არა მსოფლიოს ახალი მეხუთე ეტაპი და რისთვის უნდა ემზადებოდეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების სისტემა. შექმნილ ვითარებაში პასუხი შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი და ეს მკვლევარების მეცნიერული ხედვებით დასაშვებია, თუმცა პრობლემის საქართველოს მასშტაბზე დაყვანა, გაანალიზება და განზოგადება საკმაოდ გაჭირდება, რადგან ჩვენს მიდგომებში კვლავ დომინირებს საქმეში არა პროგრამული მიდგომები, ინერტულობა, ფრაგმენტულობა, სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების სიმცირე და მათი არასრულყოფილება, ასევე სხვა მრავალი სისტემურ-სტრუქტურული და ტექნიკურ-ეკონომიკური პრობლემა.
დღის წესრიგში დგება პრობლემის მართვის და რეგულირების საკითხი. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება არის თემა, სადაც სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობას აქვს გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა. არსებული პროტექციონისტული პოლიტიკის პირობებში შექმნილია მრავალი შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოხერხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გადავალთ მარტივი პროექტული მიდგომებიდან პროგრამულ-მოდელირებულ მოქმედებებზე, სადაც შედეგის უზრუნველყოფა უპირველესი და ამოსავალი მიზანია.
მინდა კონფერენციის მონაწილეთა წინაშე გამოვიტანო ჩემი აზრით დღეს განსახილველი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
1. სასწრაფო წესით შესამუშავებელია სასურსათო უსაფრთხოების კვლევის ახალი ინდიკატორების მწყობრი სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს სრულფასოვნად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა. დღეს საქსტატის მიერ მოცემულ ინფორმაციას დავამატებდი სპეციალურ მიზნობრივ კვლევებს იმ ხუთ პროდუქტზე, (მარცვლეული, ხორცი, ცხიმები, შაქარი, რძე) რომელიც კლასიფიცირდება როგორც გამორჩეულად პირველი რიგის მოხმარების სურსათი. ამასთანავე მნიშვნელოვანია განისაზღვროს კვლევების შესაძლებლობა ინკლუზიური ზრდის თვალსაზრისით სექტორულ და რეგიონულ ჭრილში.
2. დროულია ვიმსჯელოთ სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმირებაზე და სპეციალურ მიზნობრივ პროგრამებზე მხოლოდ ერთი დათქმით, რომ ის გახდება საჯარო მსჯელობის საგანი. ერთხელ და სამუდამოდ უარს ვიტყვით დღეს მოქმედ არაეფექტურ მოქმედებებზე, რომელიც არათანმიმდევრულობის და პრივიტივიზმის სახეს ატარებს, შესაბამისად მისი შედეგზე ორიენტირებულობის კოეფიციენტი და დადებითი ტენდენციების მოლოდინის ალბათობა ტრადიციულად დაბალია. (ამის ნათელი მაგალითია კოოპერაციაში დახარჯული სახელმწიფოს 30 მილიონი ლარი, დონორთა და პარტნიორთა 100 მილიონზე მეტი, გაუქმებული კოოპერატივების სააგენტო და კატასტროფულად შემცირებული კოოპერატივების რიცხვი)
3. ფართო მსჯელობის საგანი გახდეს გამოცხადებული ,,ნეტო ექსპორტიორობის’’ საკითხი. მისი დადებითი და უარყოფითი ფაქტორების ჩვენებით, სადაც ყურადღება გამახვილდება სისტემურ-ორგანიზაციულ და ლოჯისტიკურ-ტექნოლოგიურ საკითხებზე, როგორც მიღწევების ასევე პრობლებების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ამ კუთხით სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების და განხორციელებული ქმედებების შეფასება-ანალიზი;
4. აიპი ,,უსმა’’ გამოდის ინიციატივით შეიქმნას საზოგადოებრივი დარბაზი მთავრობის, პარლამენტის, მეცნიერების, პრაქტიკოსი სპეციალისტების და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მანდატით შეიარაღებული ადამიანების მონაწილეობით, სადაც მოხდება საკითხების საჯარო ღია განხილვა და დასრულდება პრობლემის მიჩუმათების, ციფრებით ჟონგლიორობის და ყალბი, მავნე ტენდენციების დადებით კონტექსტში წარმოდგენის მუდმივი მცდელობა.
5. დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება და ფერმერული ჯგუფები ითხოვენ სასწრაფო წესით გამოქვეყნდეს სოფლის მეურნეობის 2015-2020 წლების სტრატეგიის ანგარიში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება დათმობილი სტრატეგიის მეხუთე მიზანის შესრულებაზე - ,,სასურსათო უსაფრთხოება’’.
6. პრემიერის უშუალო მონაწილეობით სასწრაფო წესით მოხდეს საქმიანი შეხვედრა-განხილვა მარცვლეულის წარმოების პროგრამასთან და ხორბლის ინდუსტრიის გაჩერებასთან დაკავშირებით.
გოჩა ცოფურაშვილი
07.07.2022
ასოციაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარის, გოჩა ცოფურაშვილის სატელევიზიო კომენტარი (ამონარიდი რეპორტაჟიდან)