ინფორმაცია პროექტზე

  • კატეგორია: მიმდინარე
  • ხანგრძლივობა: უწყვეტი
  • ხანგრძლივობა გამოითვლება ფორმულით: პროექტის ხანგრძლივობა:PERT (Program Evaluation Review Teechnique) PERT=( BC+4 x MP +WC)/6
    ანუ PERT=(ოპტიმისტური "ო" + 4 x ყველაზე სავარაუდო "ს" + პესიმისტური "პ")/6 (მაგალითად:PERT=((7+4x12+29)/6=14 თვეს).
  • თარიღი: 20 დეკემბერი, 2023 წელი
  • პროექტის ხელმძღვანელი ბესიკ ობოლაძე
  • პროექტის ავტორი ბესიკ ობოლაძე


"გენდერული ფაქტორი პოლიტიკურ მობილიზაციაში (მისი სამხედრო განზომილება) I და II მსოფლიო ომებისა და თანამედროვე კონფლიქტების პრიზმაში" (“გაეროს რეზოლუცია N1325 ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება" კონტექსტში”)



მოკლე მიმოხილვა

პირველმა მსოფლიო ომმა, რომელიც იქცა ისტორიაში პირველ „ტოტალურ ომად", გააჩინა პოლიტიკური მობილიზაციის ფენომენი. მის არსებობას უზრუნველყოფდა ახლადაღმოცენებული მასობრივი პოლიტიკისა და პროპაგანდის ინსტიტუტები, რომლებიც მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვას განაპირობებდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. მსოფლიო ომებმა გამოკვეთა ქალების პრინციპულად ახალი როლი საომარ სიტუაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით. აღნიშნულმა გამოიწვია ტრადიციულად არსებულ გენდერულ მოცემულობაში ტრანსფორმაცია და მიდგომების გადააზრება.

გენდერული მიდგომების პოპულარობა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში განისაზღვრება მთელი რიგი კვლევებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია გენდერული ფაქტორის მნიშვნელობის დასაბუთება ახალი და უახლესი ისტორიის ომებში, მათ შორის ორ მსოფლიო ომში. მსოფლიო ომების მნიშვნელობა გენდერული წესრიგის ტრანსფორმაციაში და გენდერულ იდენტობაში, ქალთა ემანსიპაცია და მათი ღრმა ჩართულობა საჯარო სფეროში ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, სოციოლოგების კვლევის საგანია. ამასთან ერთად გენდერული ფაქტორის მნიშვნელობა საზოგადოების პოლიტიკურ მობილიზაციაში მსოფლიო ომებისა და დღევანდელი კონფლიქტების პრიზმაში არასათანადოდაა შესწავლილი. პრობლემატიკის ევრისტიკული პოტენციალი კვლევებში გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ბოლომდე არაა რეალიზებული.

აქტუალობა

ომის/კონფლიქტების პირობებში ინფორმაციული ზემოქმედების მექანიზმების შესწავლა მასობრივ ცნობიერებაზე, მისი გენდერული აღქმის თავისებურებები, ჩართულობა პოლიტიკურ და ინფორმაციულ კომუნიკაციებში (მისი გენდერული განზომილებით) გააჩნია დიდი მნიშვნელობა ინფორმაციული დაპირისპირება/ომების პირობებში (როგორც „ცხელი“ ასევე „ცივი“ ომების პირობებში). აქტუალურად რჩება პოლიტიკურ მობილიზაციაში (ახალი და უახლესი ისტორიის მაგალითზე) გენდერული ფაქტორის მნიშვნელობის შესწავლა და ანალიზი.

პროექტის მეთოდოლოგია:

პროექტის მეთოდოლოგია ატარებს დისციპლინათშორის ხასიათს, მოიცავს გენდერულ, ისტორიულ, ანთროპოლოგიურ კვლევებს, გენდერულ პოლიტოლოგიას, მასობრივი საზოგადოების თეორიას, პროპაგანდასა და მასობრივ კომუნიკაციებს.

პროექტის მიზანი

გენდერული ფაქტორის გათვალისწინებით პოლიტიკური მობილიზაციის ისტორიული გამოცდილების ანალიზი და დღევანდელი მიდგომების განსაზღვრა (მსოფლიო ქვეყნების პრაქტიკების მაგალითზე) პოლიტიკური მობილიზაციის გენდერულ მახასიათებლებში.

ამოცანები

- გენდერული ფაქტორის გათვალისწინებით პოლიტიკური მობილიზაციის ფენომენის შესწავლა და შედარებითი ანალიზი;

-კონფლიქტის მონაწილე მხარეების ნაციონალური მობილიზაციის (გენდერული ფაქტორის პრიზმაში) მოდელების შესწავლა მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე;

- გაანალიზდეს პატრიოტული მობილიზაცია, როგორც საშუალება პოლიტიკური მობილიზაციისა, ჩართოს ფართო მასები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, ინფორმაციული ზემოქმედებით მოახდინოს ეროვნული კულტურის პოლიტიკური და სულიერი ღირებულებების გარშემო გაერთიანება;

- პატრიოტიზმის ფენომენისა და სამოქალაქო საზოგადოების კონცეფციების (თანამედროვე ეპაქაში მათი ტრანსფორმაციების კვალდაკვალ) მიმართ გენდერული თვითგამოხატვის თავისებურებების განსაზღვრა;

- პროპაგანდის აღქმის გენდერული თავისებურებების ანალიზი;

- დადგინდეს ნაციონალური მობილიზაციის წარმატებული და წარუმატებელი მოდელები, მათი მიზეზები (მსოფლიო პრაქტიკა).