მოკლე მიმოხილვა
კონცეფცია
სპორტის ევროპული მოდელის უმთავრესი მახასიათებელი, მისი საყრდენი არის ის ღირებულებები, რომელთა დასაცავადაცაა იგი მოწოდებული. უნივერსალური ღირებულებების მხარდაჭერა შედის ,,სპორტის ევროპული განზომილების“დისკურსში. აქცენტი ბრძოლაზე ისეთი ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, როგორიცაა რასიზმი, ძალადობა და მხარდაჭერა ევროპული ტრადიციული ცივილიზაციური მდგენელებისა ( ტოლერანტობა, შემწყნარებლობა, თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის), ქმნიან სპორტის მართვის ამ მოდელს ევროკავშირის ლიდერობის მანიფესტად სხვა ქვეყნებისა და რეგიონებისათვის ამ ღირებულებითი ორიენტირების დამკვიდრებისათვის, მისი პოზიციების ნორმატიული ძალით განმტკიცებისათვის.
ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობს სპორტი ინტეგრაციული გაერთიანების განვითარების პროცესში, განსაზღვრულია სპორტის შესახებ ,,თეთრ წიგნში“, მის 5 ძირითად ფუნქციაში: ა) საგანმანათლებლო ფუნქცია, ბ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფუნქცია, გ) სოციალური ფუნქცია, დ) კულტურული ფუნქცია, ე) რეკრეაციული ფუნქცია.
ხედვა
სპორტის ევროპული მოდელის პრინციპების რეალიზაცია, მასში ჩადებული ღირებულებების განვრცობა, საშუალებას აძლევს ევროკავშირს უფრო ეფექტურად გამოიყენოს შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა სპორტი მთლიანობაში და განსაკუთრებით ფეხბურთი საერთო ევროპული იდენტობისთვის და გააფართოვოს ევროპული ნორმები და რეგლამენტი. სპორტში ევროპული მოდელის განვრცობის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციებში იმ ქვეყნების წევრობა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. ყურადსაღებია, რომ ამ ორგანიზაციების ფუნქციონირების პრინციპები განისაზღვრება ევროკავშირის პოლიტიკურ-სამართლებრივი პრინციპებით.
მიზანი
სპორტის მართვის ევროპული სპეციფიკის არსის გააზრება (რა ინსტრუმენტებითა და რესურსებით ახდენს ევროკავშირი დაამკვიდროს ევროპული ღირებულებები სპორტის სფეროში, მისი მეშვეობით კი ზოგადად საზოგადოებაში) და სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა სპორტის სფეროში წამყვანი საერთაშორისო პრაქტიკის განხორციელებაში.
ამოცანები
• სპორტის ევროპული მოდელის პრინციპების, მასში ჩადებული ღირებულებების პოპულარიზაცია;
• სპორტის მართვის სფეროში წამყვანი, კომპლექსური საერთაშორისო კვლევების ანალიზი და აღნიშულ სფეროში კვლევებით დაინტერესებულ მკვლევართა ხელსეწყობა და კოორდინაცია.
ევროკავშირის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ლისაბონის ხელშეკრულებამ სხვა ინოვაციებთან ერთად, განსაზღვრა თავისი მოქმედების სტრატეგია სპორტის სფეროში - მოახდინა რა ზოგადი ფორმით ამ სფეროსთან მიმართებაში იურიდიული ბაზისა და მოქმედების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმულირება. ევროპაში სპორტის სხვადასხვა სახეობების მართვის პრაქტიკა, გამაგრებული ლისაბონის ხელშეკრულების იურიდიული ფუნდამენტით, ქმნის წინაპირობებს სპორტის მართვის საერთო (ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის) მოდელის ფორმირებისათვის. მისი ძირითადი პრინციპები უფრო ადრე ჩამოყალიბებული იყო სპორტის ,,თეთრ წიგნში“ და ევროკომისიის მიერ შემუშავებულ სპორტის ევროპულ მოდელში. საბაზისო დოკუმენტებში ჩამოყალიბებული ძირითადი მიდგომები სპორტის განვითარების შესახებ, ევროკავშირს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ეს სფერო თავისი ინტერესების განსახორციელებლად და საერთოევროპული იდენტობის განსამტკიცებლად.
დღეისათვის დომინირებულ მიმართულებად სპორტის მართვის სფეროში ითვლება ,,ევროპული განზომილება“ (European dimension in sport). ამოცანა, რომ განმტკიცდეს და განვითარდეს სწორედ ასეთი მიდგომა, აღნიშნულია ლისაბონის ხელშეკრულებაში (მუხლი 165). ,,ევროპული განზომილების“ განვითარება სპორტში, განსაზღვრულია, როგორც მთავარი მიზანი, ყველა სხვა დოკუმენტშიც, რომელიც გამოქვეყნებულია ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ახალი ხელშეკრულების მიღების შემდეგ. ,,ევროპული განზომილება“ კონცეპტუალურად გულისხმობს, რომ გათვალისწინებულ იქნას და თანაბარ დონეზე განვითარდეს სპორტის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ორგანიზაციული ფუნქციები. ამას გარდა იგი ორიენტირებულია და მიმართულია სპორტის მართვის ევროპული პრაქტიკის განვრცობისაკენ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, პირველ რიგში ევროსაბჭოს მეშვეობით.
სპორტის მართვის თანამედროვე მოდელებმა აკადემიური წრეების ყურადღება ბოლო პერიოდში მიიპყრო, კომპლექსური, სერიოზული კვლევები ამ თემებზე არც ისე ბევრია. დღეისათვის ყველაზე ძირეულ, ფუნდამენტალურ მცდელობად, აიხსნას როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან სპორტი ( მაგ. ფეხბურთი) და პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები ევროპაში, იქცა კიოლნიდან გერმანელი მეცნიერების გროლის, გუტტისა და მიტტაგის ნაშრომი: ,,ფეხბურთის პოლიტიკური ასპექტები ევროკავშირში“ და ფიფას საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაფინანსებული მეტიუ ჰოლტის ნაშრომი: ,,უეფა-ევროკავშირში საკლუბო შეჯიბრებების მართვა და კონტროლი“.
სპორტის სფეროში კვლევების დომინირებულ მიმართულებად ითვლება ეკონომიკური თეორია, თუმცა ბოლო პერიოდში პოპულარობას პოულობს ფეხბურთის მართვის სფეროს კვლევა, არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური ფენომენის, არამედ, როგორც პოლიტიკური ფენომენისა. მთელი რიგი კვლევებია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, აგრეთვე სხვა პოლიტიკურ მეცნიერებებში, რომლებშიც ახსნილია, თუ რატომაა ცხოვრების ეს სფერო ასეთი მნიშვნელოვანი ინტეგრაციული პროცესების განვითარებისათვის ევროპაში. ავტორები თავიანთ ნაშრომებში ხსნიან, როგორ გავლენას ახდენს ფეხბურთი იდენტობის ფორმირებაზე და რა პერსპექტივებია ჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების ფორმირებისათვის, ევროპეიზაციის პროცესის სხვადასხვა ასპექტების გასაღრმავებლად.
ასევე თემასთან დაკავშირებით იხილეთ მასალა
„ფეხბურთი თანამედროვე კულტურის არსებითი ელემენტი”
გლობალიზაცია და ნაციონალური იდენტობა საფეხბურთო დისკურსში
სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტში სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა